პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 59 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება.
გახარიას თქმით, მათ შორისაა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდება 19 დასახლებული პუნქტი.
„სოციალური დატვირთვის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება კიდევ 59 დასახლებული პუნქტისთვის. ეს გახლავთ გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტი. ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებით, მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს გურიის რეგიონში მდებარე დასახლებული პუნქტი - გომის მთა.