logo
ENG



საპატრიარქო მეუფე იაკობის განცხადებაზე კვლავ დუმს

27 ოქტ 201919:08
3 წუთის საკითხავი
 
oqhqd0hjrs5094c.png

საქართველოს საპატრიარქო მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. გავრცელებული ცნობებით, უნდა გამართულიყო სინოდის კრება, რომელსაც მეუფე იაკობი და მეუფე პეტრეც დაესწრებოდნენ, თუმცა საპატრიარქოსთან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. 

ქორეპისკოპოს იაკობის ინტერვიუს შემდეგ სასულიერო პირთა ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკლესია ფინანსურ-მაფიოზურ კარტელადაა გადაქცეული. მეუფე მელქისედეკმა იმედი გამოთქვა, რომ საპატრიარქო რაც შეიძლება მალე უპასუხებს განცხადებას. 

კამერებთან გამოჩენას ერიდება უმაღლესი სასულიერო პირების უმეტესობა, საკვირაო წირვაზე სამების ეკლესიაში არც პატრიარქი იმყოფებოდა. მისი ექიმის განცხადებით, ილია მეორეს ვირუსული ინფექცია აქვს. კამერებთან არ ჩნდება არც მოსაყდრე შიო.

სამებაში არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა. ქადაგებაში ქორეპისკოპოსი ღიად არ უხსენებია, თუმცა მიანიშნა, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკოსები, არ უნდა განვიკითხოთ

ქორეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე გამოძიების  დაწყებას ითხოვენ თეოლოგები. ისინი ეკლესიაში შექმნილ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას პატრიარქს აკისრებენ. 

მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, უმაღლეს სასულიერო და სამთავრობო დონეზე იგეგმებოდა პატრიარქის გადაყენება და მეუფე შიოს აღსაყდრება.


close დახურვა