logo
ENG



საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნა

02 მარ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

 

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში,  მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნა. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობა ვიდეო ზარის საშუალებით ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო.  შტაბი ახალგაზრდებისა და დაინტერესებული მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ფუნქცია კი საარჩევნოდ დამკვირვებლების მომზადებაც იქნება.

ფრონტის ხაზი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლისთვის - ასე უწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიბლიოთეკაში გახსნილ შტაბს. სააკაშვილი პროცესებში ჩართვისკენ ახალგაზრდებს მოუწოდებს, მისი თქმით იმ ადამიანების საქმეში ჩართვა, რომლებიც არ ინტერესდებიან არცერთი პარტიული ხაზით მნიშვნელოვანია.

 „შტაბის ამოცანა არის მობილიზაცია საზოგადოების საუკეთესო რესურსებისა, ეს არ არის ცალკე ორგანიზაცია, მე მგონი ახლა ის დროა ყველა ჩვენგანმა ჩვენს სახლში, ჩვენ სამსახურში, სამეზობლოში, ეზოში გავხსნათ შტაბები“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის შტაბის გახსნაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებოდნენ, მათი თქმით შტაბი არ ატარებს ენმ-ს სახელს, მათივე განცხადებით ივანიშვილთან ბრძოლაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა მნიშვნელოვანია.

„რუსი მილიარდელი და მისი რეჟიმი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ეს არის კიდევ ერთი დამატებით ფრონტის ხაზი და ყველა ასეთი დამატებით ჯგუფები იქნება, სადაც კონკრეტული ადამიანები იმუშავებენ თუ როგორ დასრულდეს რუსი ოლიგარქის რეჟიმი და როგორ გათენდეს საქართველოში “,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს შტაბის საქმიანობაში ჩართვა ნებისმიერ პირს შეუძლია, მისი თქმით შტაბი არ იქნება პარტიული საზღვრებით შემოფარგლული და თითოეულ პირს ექნება საშუალება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი.

„ყველას შეეძლება მოვიდეს გამოთქვას თავისი აზრი, ეს არ იქნება შემოფარგლული პარტიული საზღვრებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მოვიდეს და გამოთქვას თავისი აზრი “,-განაცხადა გიული ალასანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შტაბის გახსნას ესწრებოდა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედაც. თამლიანის დედამ მესამე პრეზიდენტს თამლიანის პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

 


close დახურვა