"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუროგაციის სფეროს სამართლებრივ, სამედიცინო და ეთიკურ რისკებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სფეროში არსებული ეკონომიკური და კომერციული ინტერესები რისკების კონტროლსა და მართვას მნიშვნელოვნად ართულებს.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა და პროცესზე სათანადო კონტროლის უზრუნველყოფაა.
„პირველი მანიპულაციიდან ბოლომდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ წარიმართება ურთიერთობა. ეს არათუ რთულად დასარეგულირებელია, არამედ ბევრ შემთხვევაში შეიძლება ბევრ მორალურ დილემას ბადებდეს“, — განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხოელებისა და შერეული ოჯახების საკითხი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სფეროში კონტროლის მექანიზმები შესაძლოა არასაკმარისი იყოს და არსებობს სხვადასხვა სახის მანიპულაციის რისკი.
„როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რასაკვირველია, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულად დასაცავია და ეს არის კიდეც მიზეზი, რის გამოც, რეგულაციასა და აკრძალვას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ბუნებრივია, უპირატესობა უნდა მიანიჭო ამ ფაქტორს“, — აღნიშნა "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა.
სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციის შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ბავშვის გამჩენი ქალისა და ბიოლოგიური მშობლების სამართლებრივი სტატუსი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
