თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმეზე" ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხა.
გამოცემა IPN-ის ცნობით, სასამართლო პროცესის დროს მესამე პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ერთმაენთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ხმაური 2008 წელს ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტზე შეკითხვებს მოჰყვა.
"მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია. ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ.
არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.
ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?...
მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო "ეფესბეს" აგენტი"?
მიმართა ნოღაიდელს სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო. ამასთან, სააკაშვილი დაინტერესდა და ნოღაიდელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ "ტვ იმედი" შეიქმნა რუსული ფულით, რაზეც მოწმემ განაცხადა - "შეიძლება კი".
ასევე, მესამე პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.
"ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?" - ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.
გარდა ამისა, მან ნოღაიდელს ისიც ჰკითხა, რუსეთში ყოფნისას ჰქონდა თუ არა შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. "პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე? მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს "ებლატავე", თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება. ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ", - მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს.
გამოცემა IPN-ის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
