ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამართლებრივი დავა მოიგო. ახალციხის სასამართლომ მუნიციპალურ საკრებულოს თამარ აბულაძის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალა.
თამარ აბულაძის ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნები იცავდა. ISFED-ის ცნობით, აბულაძე სამსახურიდან 2021 წლის 25 აგვისტოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა ბათილად ცნო, თუმცა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხი არ დაადგინა.