logo
ENG



სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

12 თებ 202016:52
3 წუთის საკითხავი
 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლო განხილვებისას პატიმრობაში დარჩება. მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატების შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მოსმენას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული და ამის მიზეზად ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. 

როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა.

„ბრალდების მხარის მხრიდან დაუსაბუთებელი პოზიცია, რომ პირი ჩაიდენს ხელახლა დანაშაულს, ამგვარი სახის შაბლონური პოზიცია იქნა სასამართლოს მიერ გაზიარებული. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ კი განაცხადა, რომ შესაძლოა, მარიანა ჩოლოიანმა მოწმეებზე და მტკიცებულებებზე ზემოქმედება მოახდინოს.

 „ბუნებრივია, ყველა ის მოწმე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზეა გამოკითხული, ყველა ამ პირის სასამართლოში გამოძახება უნდა მოხდეს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდისთვის გარკვეული საფუძვლები, რომ შესაძლოა, მარიანა ჩოლოიანმა მტკიცებულებებზე და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს“, - განაცხადა პროკურორმა.

ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა 26 თებერვალს დაიწყება. 

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. 2019 წლის 17 დეკემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და გამოავლინა დაკითხვის დროს არსებული ხარვეზები, რის შემდეგაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


close დახურვა