logo
ENG



სასამართლომ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ 36 815 ლარის გადახდა დააკისრა

17 თებ 202110:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/xrmcvw37c5z9ow6.jpg

სასამართლომ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ 36 815 ლარის გადახდა დააკისრა

2021 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის სახით 36 815 ლარის გადახდა დააკისრა.

საქმეზე  გიორგი ქებურიას ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენდა.

„ბირჟა მაფიის“ წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ  20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა.

პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

GDI-ის განცხადებით, საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. 


close დახურვა