logo
ENG



სასამართლომ ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა

22 აპრ 202016:57
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელს, რომლის მიერ უმისამართოდ გასროლილ ტყვიასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე  10 000-ლარიან გირაოს. როგორც ადვოკატმა ცოტნე წერეთელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვაჟა ფშაველას გამზირზე 19 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სოსო გაბრიაძემ, ნასვამ მდგომარეობაში, საკუთარი სახლის აივნიდან თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში  მყოფ თამარ ანთელავას, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სოსო გაბრიაძე 20 აპრილს, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა გუშინ, პროკურატურამ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. ბრალდების ამგვარ ფორმულირებას დაკავებული სამართალდამცველი და მისი უფლებადამცველები არ ეთანხმებიან. 


close დახურვა