logo
ENG



სასამართლომ ჰომოსექსუალებისთვის 10 წლით დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო

17 დეკ 201917:48
3 წუთის საკითხავი
 
8eua4zvt7rdd8o6.png

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ჰომოსექუალებისთვის თემისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა კონკრეტული ქცევიდან 10 წლის განმავლობაში, არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, კაცის სქესობრივი კავშირი კაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექსუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდნენ ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მოპასუხე მხარის პოზიციით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, ინკუბაციის პერიოდის შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს.

ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე.

 


close დახურვა