logo
ENG



სასამართლომ 2020-ის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპის იმუნიტეტი არ ცნო

06 თებ 202420:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/lmxyktnux0yjyr4.jpg

სასამართლომ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპის იმუნიტეტი არ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.

საქმე ეხება ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგებში სავარაუდო ჩარევას ეხება. გადაწყვეტილება ფედერალური სააპელაციო სასამართლოს 3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო.

სასამართლო დადგენილების მიხედვით, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შესაძლო თაღლითობის საქმის ფარგლებში, ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელია.

მანამდე, ტრამპმა რამდენჯერმე უარყო აღნიშნულ საქმეში რაიმე სახის ბრალეულობა. ამასთან, მან იუსტიციის დეპარტამენტი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამ შემთხვევაში, საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება.

6 იანვარს, აშშ-ის უზენაესი სასამართლო დათანხმდა, განიხილოს დონალდ ტრამპის აპელაცია სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს კოლორადოს შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს. საქმეს თებერვალში განიხილავენ და გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება.

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი, 2021 წლის 6 იანვრის არეულობაში მისი როლის გამო, პრაიმერიზის არჩევნების სიიდან ამოღებულ უნდა იქნას.

იურიდიული თვალსაზრისით, საკითხი ეხება იმას, რომ ტრამპის მიმართ გამოიყენება თუ არა კონსტიტუციის შესწორება, რომელიც სამოქალაქო ომის დროს მიიღეს. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება კრძალავს ფედერალური თანამდებობის დაკავების ნებისმიერისთვის, ვინც "აჯანყებაში ან ამბოხებაში მონაწილეობდა". ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ტრამპს არ ეხება.

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც მე-14 შესწორება საპრეზიდენტო კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის გამოიყენეს.

კოლორადოს შტატის გარდა, პრაიმერიზიდან ტრამპის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მენის შტატის სახელმწიფო მდივანმაც მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა აპელაციით ადგილობრივ სასამართლოს მიმართეს. მინესოტისა და მიჩიგანის სასამართლოებმა ტრამპის დისკვალიფიკაცია უარყვეს.


close დახურვა