logo
ENG



სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესია დანიშნული

10 თებ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესია დანიშნული.

წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის მხარე პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობას დააყენებს. „ტვ პირველის“ მფლობელის მამა კლინიკაში რამდენიმე დღის წინ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ვატო წერეთელი მამის გართულებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ფულის გათეთრებას ედავებიან.

„ავთანდილ წერეთელი იმყოფება კლინიკაში. მისი მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ მან შეძლოს პროცესებში მონაწილეობა. პროცესი, რომელიც 11 საათზე არის ჩანიშნული, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სხდომები გადაიდოს მის გამოჯანმრთელებამდე. ბატონი ავთანდილის სურვილია, რომ ის დაესწროს ყველა სასამართლოს სხდომას. წარვადგენთ ყველა სამედიცინო დოკუმენტაციას და დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის განცხადებით, ვატო წერეთელს საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც ავიწროვებენ, მისი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კი სწორედ ინტენსიურად ჩანიშნულ სასამართლო პროცესებთან არის კავშირში, რომელიც ყოველ მეორე დღეს არის ჩანიშნული.

„მთელი ეს პროცესი მიმართული არის იმისკენ, რომ ყველაფრის ფასად შეავწიროვონ პოლიტიკური ოპოზიცია და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ეს მცდელობა მათ არ გამოუვათ და ეს მცდელობა იქნება ფუჭი. სამწუხაროა, რომ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის ფასის გადახდა უწევთ. ბატონი ავთო წერეთლის მდგომარეობის გაუარესება პირდაპირ არის კავშირში ინტენსიურ ტემპთან, რომელითაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ყოველ მეორე დღეს არის პროცესები ჩანიშნული“, - განაცხადა საბა ბუაძემ.


close დახურვა