ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მას უტყუარი მტკიცებულებები აქვს და დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
ადვოკატის თქმით, თუ დღეს მოსამართლე მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბრძოლას სამართლებრივი მეთოდებით გააგრძელებენ.
"ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ კალანდიას დანაშაულებრივი ქმედება შერაცხული ბრალის მიმართ არ დასტურდება. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე იქნება თავისუფალი პოლიტიკური დაკვეთისგან აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს, ხოლო თუ პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს იქნება მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.