logo
ENG



საფრანგეთის საგარეო მინისტრი: პუტინს სურს, უკრაინა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გააქროს

25 თებ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/6kbmb6qmu8qhnu4.png

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-პოლ ლე დრიანმა, ერთ-ერთ ფრანგულ რადიოარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს სურს უკრაინა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გააქროს.

„ომი ტოტალურია. პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა ომი, მან აირჩია მასობრივი ძალადობა, მან გადაწყვიტა უკრაინა გააქროს სახელმწიფოების რუკიდან და ის თავდასხმებს მექანიკური გზებით რეგულარულად და დიდი მონდომებით ახორციელებს. დღეს საფრთხე ქვეყნის აღმოსავლეთს, სამხრეთსა და დედაქალაქს ემუქრება“ - განაცხადა ჟან-პოლ ლე დრიანმა.

საგარეო მინისტრის განცხადებით საფრანგეთმაც შეათანხმა სანქციების ის პაკეტი, რასაც რუსეთს დაუწესებენ. სანქციების მიზანი რუსეთის ფინანსური სისტემების შეფერხება იქნება. მისი თქმით, სანქციების შესახებ პრეზიდენტი მაკრონი მოგვიანებით ისაუბრებს.

ლე დრიანი აცხადებს, რომ ეს ხისტი და ძლიერი სანქციები იქნება, რაც მათი აქტივების გაყინვას და საფრანგეთში რუსების ეკონომიკური ქმედებების შეჩერებასაც მოიცავს. მისი თქმით "სანქციებზე ტაბუ არ არსებობს" და მომავალში სხვა ტიპის სანქციებიც დაეკისრება რუსეთს.

"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი პუტინი იაზრებს გუშინ გადაწყვეტილი სანქციების მასშტაბს.

ამ სანქციების მიზანია რუსეთის ფუნქციონირების ჩახშობა და ქვეყნის ფინანსურ მექანიზმებზე შეტევა. ეს ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიცდია, სანქციების ეს პაკეტი ძალიან ეფექტურია.“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები შემაშფოთებელია. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურის მიზანში ამოღება კი ნამდვილადაა ღელვის საგანი.

ლე დრიანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება არსებული მდგომარეობის ცენტრალური ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკი თავის პოზიციაზე დარჩეს. საფრანგეთი კი, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა დაეხმაროს ზელენსკისა და უკრაინას.

„დღევანდელი დღე არაა იგივე, რაც ცივი ომი იყო. ახლა ევროპის გულში ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ჟან პოლ ლე დრიანმა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა