საფრანგეთის საელჩო საქართველოში რუსულ კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს და წერს, რომ ის ევროკავშირის ღირებულებებთან და პრინციპებთან შეუთავსებელია.
საელჩო წერს, მიუხედავად ამისა, საფრანგეთი ევროპულ პარტნიორებთან ერთად საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო.
სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება.
ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა", - ნათქვამია განცხადებაში.
არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად, 28 მაისს ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო.