logo
ENG



საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცებულია

23 ოქტ 201919:18
3 წუთის საკითხავი
 
7eef85eita52nps.png

საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცებულია. წლების განმავლობაში, საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი ორპარტიული რეზოლუციის მიღების შემდეგ, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდაჭერას უკვე კანონით ადასტურებს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მოამზადა. 

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით ადასტურებს კონგრესის პოზიციას, თბილისისთის დახმარების გაზრდაზე. აღნიშნულია საქართველოს როლი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და მისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება. კანონპროექტი ქვეყნის ოკუპაციასაც ეხება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს სანქციები ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებში პასუხისმგებელი პირების აქტივების დაბლოკვას, შეერთებულ შტატებში მოგზაურობის აკრძალვას და უკვე გაცემული ვიზების ანულირებას. 

საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ პირველად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მან ეს ინიციატივა შეერთებულ შტატებში  ვიზიტის დროს,  გაახმოვანა. კონგრესის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ასულიყო. პრეზიდენტის გარემოცვა განმარტავდა, რომ ეს იდეა არ ითვალისწინებდა რომელიმე ფორმატის ჩანაცვლებას. უბრალოდ, თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმატს კანონის ძალა უნდა მისცემოდა. 

მოგვიანებით, კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მოამზადა და ქვედა პალატაში მისი წარდგენა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის ვაშინგტონში ვიზიტს დაამთხვიეს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი მაისში დაუჭირა. დღეს კი ის პლენარულ სხდომაზე მიიღეს. კანონად ქცევამდე საქართველოს მხარდამჭერ აქტს სენატში დამტკიცება სჭირდება, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნება.  

 


close დახურვა