საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების შესახებ ბრძანება გამოსცა.
„ერთი თვის წინ გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და წარმოგიდგინეთ დეკრეტი. მიღებულმა ზომებმა განაპირობა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში კონტროლქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი. გამოწვევა არ გვაძლევს საშუალებას, შეზღუდვები ნაარდევად მოვხსნათ. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგები, არსებული რეჟიმი კიდევ უნდა დავიცვათ. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერი წარდგინების საფუძველზე გამოვცემ ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ - 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა, მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მოქალაქეებს მადლობა მაღალი თვითშეგნების გამოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში ვითარება შეცვლილი იქნება.
„მინდა ყველას ამდლობაგითხრათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და თვითშეგნებისთვის, რაც ამ პერიდოში გამოიჩინეთ. ჩვენ ბოლომდე უნდა გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი დავიცვათ. მას უნდა ვემორჩილებიდეთ იმის შეგნებით, რომ ვიცავთ ხვალინდელ დღეს. მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას შეზღუდვები. გონივრული ნაბიჯებით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.