logo
ENG



საქართველოს პროკურატურამ ლაშა ცანავასა და კიდევ 7 ადამიანზე სამართლებრივი დევნა დაიწყო

10 აპრ 202419:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/r5hcugj5qfqd1qm.png

საქართველოს პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეზე, ლაშა ცანავაზე და კიდევ 7 ადამიანზე სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ცნობილია, რომ საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისს მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, პროკურატურის თქმით, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შსს-ის თანამშრომლები, რომელთა შორის ლაშა ცანავაც იყო, აქციის მონაწილეებს ხელკეტისა და სხვა საშუალებებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"2010 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. 2015 წელს აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაციები და საბოლოოდ აღიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით გარანტირებული უფლებების საპროცესო დარღვევები და აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება, ამასთან გამოძიების მიმდინარეობაზე და აღსრულებაზე ზედამხედველობის კონტროლი დაევალა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეფექტიანი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში გადმოიგზავნა", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

 

ცანავა აცხადებს, რომ პროკურატურისგან "ყველაფერს მოელის" და რომ ეს საქმე პოლიტიკურია.

პროკურატურის ამ ნაბიჯს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. იგი წერს, რომ გაჭირვებასა და ემიგრაციაზე ზრუნვის მაგივრად, ხელისუფლება "ასე ებრძვის პრობლემებს."

"ჩემს თანაშემწეს, პარლამენტში, ლაშა ცანავას ხელისუფლება დღეს, 17:00 საათზე აკავებს... 2009 წელს რაღაც "დააშავეო" და 2024 წელს იჭერს ... გარდა თანამშრომლისა ლაშა, ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი ნდობით აღჭურვილი ადამიანია.

ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის გაჭირვებაზე, ემიგრაციაზე, ფასების ზრდაზე - ასე "ებრძვიან" პრობლემებს ...", - წერს ხაბეიშვილი.


close დახურვა