დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 5 განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
როგორც იმნაძემ განმარტა, ხსენებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, მან ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით არის 5 პაციენტი, რომლებიც განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მდგომარეობს არის მძიმე. მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ ჩვენ. ვიკვლევთ ყველას ვინც საჭიროა, რომ გამოვიკვლიოთ და ეს ხდება არსებული პროტოკოლის მიხედვით. ეს პროტოკოლები განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ საიტზე და ძალიან ვთხოვ ყველას, განსაკუთრებით მედიკოსებს, ჩვენს სპეციალისტებს კარგად გაეცნონ მათ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა დადასტურდა. 13 პაციენტი უკვე განიკურნა, ხოლო საკარანტინო ზონაში 4 505 მოქალაქე იმყოფება.