logo
ENG



საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება - რა შეზღუდვებს მოიცავს საყოველთაო კარანტინი

30 მარ 202017:27
3 წუთის საკითხავი
clock 4345

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. გარდა ამისა, საყოველთაო კარანტინი ძალაში ხვალ, დილის 08:00 საათიდან შევა. 

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდეს. ფაქტობრივად ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს, სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინებით შესაბამის რეაგირებას გამოიწვევს. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, თანამშრომელთა უსაფრთხო გადაყვანის მიზნით. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან,  მტავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომ საქართველოს ეკონომიკა არ  იყოს სრულად გაჩერებული. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარებათ ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქალაქებში ისე ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი. ნებისმიერ მოქალაქეს გადაადგილების დროს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა