logo
ENG



საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა

18 ივლ 202420:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/cye7y13z2fmhvfh.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს.

ადმინისტრაციის განცხადებით, დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტისა" და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.

"საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოებების გამძლეობის გასაძლიერებლად საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის.

სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად. დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.


close დახურვა