logo
ENG



საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

27 ნოე 201908:25
3 წუთის საკითხავი
 
es5z2ffvr29glq8.jpg

დღეიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ თავმჯდომარეობის დროს რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

„როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, გვსურს ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტზე გავამახვილოთ - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება - განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულობის ჩართულობით. აღნიშნული თემების ფოკუსირების მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ ევროპის საბჭოს ყურადღება ამ მიმართულებებით არსებულ ხარვეზებზე და მეორე მხრივ, მოვახდინოთ მიღწეული პროგრესის ურთიერთგაზიარება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს. ოფიციალურ ცერემონიამდე, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართება, შესრულდება ასევე საქართველოს ეროვნული ჰიმნი. სტრასბურგში კი 6 თვის განმავლობაში ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი  იმოძრავებს.

 


close დახურვა