საქართველო არ მოხვდა იმ პარტნიორი ქვეყნების სიაში, რომლებიც ევროკავშირის მიერ ირანთან დაკავშირებით 24 ივლისს დაწესებულ, განახლებულ სანქციებს შეუერთდნენ. ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოაქვეყნა.
გადაწყვეტილება ეხება სამ ძირითად მიმართულებას: ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების მონაცემთა განახლებას, ირანის მიერ რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერის გამო დაწესებული შეზღუდვების გაგრძელებას და ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქცირებულთა სიისთვის 6 ფიზიკური პირის დამატებას.
ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებებს შეუერთდნენ ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ქვეყნები (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია), ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა.
უმრავლესობის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განმარტა. მისი თქმით, საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო ნაბიჯს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დგამს. შარმანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებს ევროკავშირის კანდიდატი კიდევ ორი ქვეყანა — თურქეთი და სერბეთი — არ შეუერთდა.
