დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე დაიწყება. ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე რამდენიმე მოწმის დაკითხვა იგეგმება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ბრალი 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით წაუყენა.
მელიას ადვოკატი ბოლოდროინდელ ამბებსაც გამოეხმაურა და მისი თქმით ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის ძალადობა და ამაზე სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაგირება.
„ველოდებით მოწმეების მოყვანას პროკურატურის მხრიდან და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ შეფასებას მისცემს ამ საქმეს. ეს კი არ არის ძალადობის ორგანიზება, რაც ნიკა მელიას ბრალდების საქმეშია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, აი სწორედ ეს არის ძალადობა და ამაზე უნდა ჰქონდეს რეაგირება სახელმწიფოს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.