logo
ENG



სახალხო დამცველი: გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები

02 აპრ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 
0k9vu8j55lb1v0h.jpg

საქართველოს სახალხო დამცველმა ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე - 2019“ გამოაქვეყნა, სადაც ბავშთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება დადებითად არის შეფასებული, თუმცა როგორც განცხადებაში ვკითხულობთ ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა.

ნინო ლომჯარია ანგარიშში არასრულწლოვანთა მხრიდან გაზრდილ სუიციდზე და სუიციდის მცდელობებზე ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშში ყურადღება ბავშვთა სიღარიბის მაღალ სტატისტიკაზეც არის გამახვილებული. ომბუდსმენის განმარტებით, სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრაზე.

„ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით, მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა.

გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. ბავშვთა სიღარიბის კვლავაც მაღალი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრაზე; ვერც მუნიციპალური პროგრამები უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი აღირიცხა“, - ვკითხულობთ საქართველოს ომბუდსმენის ანგარიშში.


close დახურვა