logo
ENG



სახალხო დამცველი: 20-21 ივნისის მოვლენებზე შეკრების თავისუფლების პრობლემები გამოიკვეთა

02 აპრ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
qlteay4y918h4ar.png

სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ერთ-ერთი თავი შეკრების თავისუფლებას შეეხება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების მიუღებლობა.

"შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა. ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შეკრების მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით წინასწარი გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, მათთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის დროს ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებს",-ნათქვამია დოკუმენტში. 

სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებას ამახვილებს მოვლენების გაშუქების მიზნით საპროტესტო აქციებზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტებზეც. წლის განმავლობაში შეკრების უფლებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც 2020 წელს იქნება გამოქვეყნებული.

"დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ჯგუფები ხელს უშლიდნენ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ესარგებლათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშ და ძალადობრივად დარღვევას. სახალხო დამცველის შეფასებით, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრ-აქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტ გამოყენებას წარმოადგენს, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები არ არის დაცული შეკრების თავისუფლებით",-ნათქვამია დოკუმენტში. 


close დახურვა