logo
ENG



სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

11 ნოე 201919:22
3 წუთის საკითხავი
 
rdmijqvxin2phue.jpg

სახალხო დამცველის სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. ომბუდსმენმა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში კანონის უხეში დარღვევა დაინახა და სასამართლოს მიმართა. ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ  უნდა გადაწყვიტოს  აღმოჩნდება თუ არა უმაღლესი სასამართლო ინსტანცია მოსამართლეთა კლანის დაქვემდებარებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიმართვა დაგვიანებულია, რადგან მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

სახალხო დამცველის მიმართვას მესამე სექტორში ეხმაურებიან. იურისტები ამბობენ, რომ სანამ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს, პროცესი არ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს უვადოდ დასანიშნ კანდიდატებს. 

პროცესის შეჩერების მოთხოვნით დღეს საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა მიმართა. კანონმდებლებს ნაზი ჯანეზაშვილმა 10 მიზეზი წარუდგინა, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა არცერთ კანდიდატს.  

კლანური გავლენები და არასწორად შერჩეული 20 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის - ასე აფასებენ ამ სიას საპარლამენტო ოპოზიციაში. მმართველი გუნდი კი განხილვის გამჭირვალე პროცესზე აკეთებს აქცენტს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო ომბუდსმენის სარჩელს დააკმაყოფილებს და ნორმას შეაჩერებს, ეს ამჟამინდელ კანდიდატებს მაინც არ შეეხებათ.


close დახურვა