logo
ENG



საჯარო სამსახურის ბიურო თადუმაძის ქონებას მალავს - საია სასამართლოს მიმართავს

04 მარ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

800 ათასი ლარის უძრავი ქონება ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ 2013 წლის შემდეგ შეიძინა. 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თადუმაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყიდა 2 ბინა და 1 აგარაკი. ბოლო შენაძენად კი, ოჯახს 2018 წელს - 90 ათას დოლარად ნაყიდი კომერციული ფართი უფიქსირდება, რომელიც თადუმაძის მეუღლის, მზევინარ ანსიანის სახელზეა რეგისტრირებული. მეუღლის სახელზე კიდევ ერთი 100 ათას დოლარად შეფასებული სახლი. გარდა ამისა, თადუმაძის ოჯახის სახელზეა კიდევ 1 ბინა და საოფისე ფართი. დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორის მეუღლის სახელზეა წილები 4 კომპანიაში. დეკლარაციაში არ ჩანს ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები. 4-დან 3 კომპანია თადუმაძის ოჯახის სახელზე მისი საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში ჩნდება.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის ქონებას საჯარო სამსახურის ბიურო მალავს. შალვა თადუმაძის დეკლარაცია სპეციალურმა კომისიამ, სხვა 300-ს მაღალჩინოსნის ქონების დეკლარაციასთან ერთად შეისწავლა. თუმცა, მხოლოდ უვადო მოსამართლის ქონების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია არ გამოაქვეყნა. ბიუროს ინფორმაციის გამოქვეყნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ მოსთხოვა, თუმცა მათ დოკუმენტები არც „საიას“ მიაწოდეს. მიზეზი, რის გამოც მონიტორინგის შედეგები იმალება, შესაძლოა, შალვა თადუმაძის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანაა, - ეს კი გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები საჯარო სამსახურის ბიუროს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის , თადუმაძის დეკლარაციის მონიტორინგის დამალვა ამხელს, რომ თადუმაძემ ქონება არაკეთილსინდისიერად დააგროვა. საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ უმრავლესობაში. მათ გენერალური პროკურორის ქონებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.

საჯარო სამსახურის ბიუროში კითხვებს არ პასუხობენ. თუმცა, შალვა თადუმაძის დამალული ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასმართლოს გზით გააგრძელებს.


close დახურვა