ლარი ისტორიულად გაუფასურდა. ამ ფაქტს კი მთავრობა კორონავირუსის გამო გამოცხადებულ პანდემიას უკავშირებს. პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტა თავის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება. პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კი ყურადღებას სებ-ის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ბერკეტებზე ამახვილებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი მთავრობისა და სებ-ის ერთობლივი მუშაობა. ამ მიმართულებით ცენტრალურ ბანკს ბერკეტები გააჩნია. მისი მანდატიდან გამომდინარე ისაა პასუხისმგებელი ინფლაციის დათრგუნვაზე და თუ ლარის კურსის ასეთი დევალვაცია გავლენას მოახდენს ინფლაციაზე, მაშინ ცენტრალური ბანკი თავის ბერკეტებს გამოიყენებს. დღესაც მან უკვე განახორციელა ასეთი ინტერვენცია 20 მლნ-ის ფარგლებში",-აღნიშნა კოვზანაძემ
მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა(სებ) 20 მილიონი აშშ. დოლარი გაყიდა. ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის ექსპერტები უშედეგოს უწოდებენ. შესაბამისად, ლარის დასტაბილურების პერსპექტივებს ისინი გარე ფაქტორებს უკავშირებენ. ასევე ექსპერტები ლარის გაუფასურების შედეგად ფასების მომატებას არ ელოდებიან.
"ლარის გაუფასურების შედეგი იყო მოლოდინები, რაც უკავშირდება იმ ისტერიას რაც საზოგადოებაში ხდება. სებ-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩანს მან საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და ეს არის უბრალოდ წყალში გადაყრილი დოლარი, რადგან ლარი ისედაც უნდა წავიდეს გამყარებისკენ. როდესაც საგარეო შოკია, ინტერვენციებს არანაირი აზრი არ აქვს. სებ-ი უარყოფით მოლოდინებს აჩენს ამ გზით. მეორე მხრივ, 20 მლნ. დოლარი არც არაფერს ცვლის და სიმბოლური აქტია",-აღნიშნა პაატა ცომაიამ.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ. დოლარი 2.99 ლარი გახდა.