საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ შეისწავლის, დაარიცხა თუ არა თელმიკომ აბონენტებს ზედმეტი გადასახადი. სემეკში ამბობენ, რომ ზედმეტობის შემთხვევაში თანხა დაკორექტირდება.
"კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა. კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა", - ნათქვამია განცხადებაში.
სემეკში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე.
"კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე, კომისია თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე", - ვკითხულობთ განცხადებაში.