ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა და ცხადი იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ რუსთავში დააბრუნებდნენ.
სერგეენკოს თქმით, ექიმები პაციენტის მდგომარეობას ხელოვნურად არ დაამძიმებდნენ და ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი საქმის კეთების საშუალება.
"ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება და თავისთავადეს ცხადი მოცემულობა იყო გადაყვანამდეც, გორის ჰოსპიტალში, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად პროცენტულად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები.
მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება და დამერწმუნეთ, მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევენ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და ამას თუნდაც, ბოლო 2 წელი გვიჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება.
ცუდი იქნება რა თქმა უნდა თუ [მიხეილ სააკაშვილი] შიმშილობას დაიწყებს ადამიანურად და ჰუმანურადაც." - ამბობს დავით სერგეენკო
გუშინ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს რუსთავის ციხეში.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"ღამით მიეპარნენ და ავადმყოფი ადამიანი უბრალოდ გაიტაცეს ჰოსპიტლიდან. ჩვენთვის ინფორმაციის წყარო იყო იგივე, რაც თქვენთვის - ადგილობრივი მოსახლეობა. ამ დრომდე უცნობია სად გადაჰყავთ, თუმცა დიახ, სავარაუდოდ, გადაჰყავთ რუსთავის ციხეში", - ამბობს ადვოკატი.
როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
