რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც 30-31 ოქტომბერს „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ლავროვსა და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებზე აშშ-ის სანქციები და შესვლის აკრძალვა მოქმედებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა მას ატლანტაში ვიზიტისთვის დროებითი ნებართვა მისცა. რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ლავროვის თვითმფრინავმა სანქციების ფონზე „არამეგობრულ ქვეყნებს“ გვერდი აუარა და მოსკოვიდან ატლანტამდე ფრენას 20 საათი და 10 წუთი დასჭირდა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტისთვისაც, რომელიც 14-15 დეკემბერს აშშ-ში, ქალაქ მაიამიში გაიმართება. შეერთებულმა შტატებმა ამ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მიიწვია, თუმცა მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მიწვევას. ცნობისთვის, პანდემიისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი G20-ის სამიტებს მხოლოდ ონლაინფორმატში ესწრებოდა, ხოლო ოფლაინ ღონისძიებებზე რუსულ დელეგაციას სწორედ სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა.
