logo
ENG



სეს: რუსეთთან მოლაპარაკებები ცხოველური პროდუქციის ექსპორტზე 2020 წლიდან მიმდინარეობდა

06 მარ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/t9f4x4qeex1ir0g.jpg

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ცხოველური პროდუქციის ექსპორტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა. 

განცხადება იმ ინფორმაციის პასუხად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე, რუსეთი 15 ქართულ კომპანიას რძის და რძის პროდუქტების შეტანის უფლებას აძლევს. 

"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტების და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად გასულ წელს, ევროპაში უპრენცენდო რაოდენობის თაფლია გასული". - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო. 

რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. 

გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. თუმცა, საქართველო ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. 

 


close დახურვა