logo
ENG



სვეტლანა ალექსიევიჩი ლუკაშენკოს: წადი, სანამ გვიანი არ არის, სანამ ხალხს უფსკრულში გადაჩეხთ

13 აგვ 202016:24
3 წუთის საკითხავი
 
440llqhds1me8cj.jpg

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი გმობს ბელარუსში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ძალადობას და ამბობს, რომ "ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა".

რადიო თავისუფლების ბელარუსის ბიუროსთან ინტერვიუში მწერალი მოუწოდებს პრეზიდენტს, გადადგეს, რათა სისხლიანი სამოქალაქო ომი თავიდან აიცილოს:

"წადი, სანამ გვიანი არ არის, სანამ ხალხს საშინელ უსფსკრულში გადაჩეხთ, სამოქალაქო ომის უფსკრულში. არავის უნდა სისხლი. მხოლოდ შენ გინდა ძალაუფლება და ძალაუფლების მიმართ შენი დაუოკებელი სურვილი მოითხოვს სისხლს".

მანვე ინტერვიუში აღნიშნა, რომ შოკირებულია იმ ძალადობისა და ბოროტების გამო, რაც პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუკეთა. 

"ვერავინ ნახავს ვინმე ისეთს, ვისაც ლუკაშენკო უყვარს, ვინც მხარს უჭერს მას [ახლა] ისე, როგორც ადრე უჭერდნენ მხარს. როგორ შეიძლება ვინმე ენდოს მას იმის შემდეგ, რაც ქუჩებში ხდება?", - ამბობს ალექსიევიჩი.

ალექსიევიჩი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მინსკში ლუკაშენკომ რუსული სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოიყვანა პროტესტის ძალადობრივად დასარბევად. 

"მეჩვენება, რომ ბელარუსი ბიჭები ასე ვერ სცემდნენ საკუთარ დედებსა და დებს. ეს არარეალურია. პატარა ქალაქებში, სადაც ყველა ყველას იცნობს, სპეცრაზმმა უარი თქვა ხალხის ცემაზე, მაგრამ აქ [მინსკში] რაღაც არარეალური ხდება", - აღნიშნა მწერალმა.

ალექსიევიჩმა ლუკაშენკოს მეტოქეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას "ცვლილებების, ახალი ცხოვრების, პატიოსნების წყურვილის სიმბოლო" უწოდა. 

"მე უბრალოდ ნამდვილ სიყვარულს ვგრძნობდი ჩემი ხალხის მიმართ. ისინი სრულებით განსხვავებული ადამიანები არიან და სავსებით ახალი ძალაა მათში", - ამბობს მწერალი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახლა უკვე შეუძლებელია ლუკაშენკოს გადადგომა, რადგან სისხლი დაიღვარა.


close დახურვა