logo
ENG



სიაში ყოფნის სურვილი მექნება, თუკი ადეკვატურად შეფასდება განვლილი რვა წელი - კაკულია

10 ივნ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო სიის შესახებ საუბრობენ. როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არაა და გუნდი კონსულტაციების რეჟიმშია.

რომან კაკულია ამბობს, რომ მას ექნება სურვილი სიაში მოხვედრის იმ შემთხვევაში, თუკი ადეკვატურად იქნება შეფასებული განვლილი რვა წელი და „ქართული ოცნების“ მმართველობა.

„გააჩნია, რას აირჩევს "ოცნება" ორიენტირად განვითარების. ჩემი სურვილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ადეკვატური შეფასება იმ გასული რვა წლის. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ბევრი ხარვეზები, ბევრი გაშვებული შესაძლებლობები, გაბერილი ბრალდებები - უნდა შევინარჩუნოთ ადეკვატურობის ხარისხი", - ამბობს რომან კაკულია.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში გადაწყვეტილების კონტურებიც არ იკვეთება, თუმცა ამ ეტაპზე მისი არსებობის შემთხვევაშიც ვერ ისაუბრებდა. მდინარაძის თქმით, გუნდში ამ საკითხზე ერთსულოვნებაა.

„ძალიან კარგია, ჩემი აზრით, რომ მმართველ გუნდში ერთსულოვნებაა - თუნდაც სიის შედგენასთან დაკავშირებით პრინციპის ირგვლივ. ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რადგან ეს უფრო საჩქაროა. ზაფხულის მიწურულს შევჯერდებით სიასთან დაკავშირებითაც. კიდეც რომ რაღაც გადაწყვეტილებისკენ ვიყოთ წასულები, ამაზე ვერ დაგელაპარაკებით - გადაწყვეტილების კონტურებიც არ არის, მაგრამ მიდის განხილვა", - აცხადებს მდინარაძე.

 


close დახურვა