logo
ENG



სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთ - ოპოზიცია ხვალიდან აქციებს იწყებს

03 თებ 202008:06
3 წუთის საკითხავი
 

მიმდინარე წლის პირველ საგაზაფხულო სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტში მოხვედრა სირცხვილის კორიდორის გავლით მოუწევთ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პროპორციული არჩევნების ჩაგდების გასაპროტესტებლად პარლამენტთან ხვალ დილიდან შეიკრიბებიან.

ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია კვლავ დაიძაბება და სამართალდამცავები შეეცდებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე აქციის მონაწილეები კვლავ დააკავონ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პროტესტი 4 თებერვლიდან დაიწყება და მას პერმანენტული სახე ექნება. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რაც საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ეს იყო სრულად პროპორციული სისტემის მიღება, რასთან დაკავშირებითაც ივანიშვილმა ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა მოატყუა. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, რომელიც 4 რიცხვში განახლდება და გაგრძელდება მომავალშიც, პიკეტის და აქციების სახით“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის მზად არის. 

ჩვენი მიდგომა, მთელი ოპოზიციის სრულიად მკაფიოა. ეს არის მონაცვლეობა მაგიდასთან, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, აქციებით და პროტესტით. თუ ხელისუფლება არ წამოვიდა დათმობაზე, არსებული სისტემითაც ვემზადებით გამარჯვებისთვის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

პროტესტის ახალ ფორმაზე საუბრობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტარებს შენობაში შესვლის უფლებას მისცემენ, თუმცა მათ სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწევთ. 

"წინააღმდეგობას არ გავუწევთ პარლამენტში შესვლის. ცოტა ახალი ფორმა ექნება ჩვენს აქციას. ჩვენი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება, რადგან მას აქვს მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად კონსტრუქციული მოთხოვნები ერთ რამეზე - ნუ გვატყუებთ და სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 


close დახურვა