logo
ENG



სირცხვილია: ღარიბაშვილის განცხადება სახიფათოა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის

30 მაი 202321:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/50oqqissa4b2nsk.png

მოძრაობა სირცხვილიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სახიფათოა.

მათი თქმით, სინამდვილეში, საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა სწორედ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას შეუძლია.

სირცხვილიას განცხადება:

“ომის მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა იყო, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს” - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კითხვას, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი.

ამ განცხადების შინაარსი თავისთავად სამარცხვინოა და რუსულ პროპაგანადას იმეორებს, თუმცა იმავდროულად სახიფათოა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. 2022 წლის 25 თებერვალს ღარიბაშვილმა თქვა, რომ “უკრაინამ ომი ვერ აიცილა”. გამოდის, რომ ღარიბაშვილის აზრით, უკრაინა ომს იმ შემთხვევაში აიცილებდა, თუ ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმინისტრისგან მსგავსი განცხადება პირდაპირ მიანიშნებს მის განზრახვაზე - მოჩვენებითი მშვიდობის სანაცვლოდ, საქართველომ უარი თქვას ნატოზე და “ნეიტრალური”, ან სულაც რუსეთთან შეთანხმებული უსაფრთხოების არქიტექტურა შექმნას.

ყალბი არჩევანი ნატო-ევროკავშირსა და მშვიდობას ან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შორის, ის პროპაგანდისტული ნარატივია, რომლის გამოყენება ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და უკანასკნელ პერიოდში განსაკურებით გაააქტიურა.

უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთთან “დათმობის” პოლიტიკა დამღუპველია. ასე იყო მოლდოვის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, როცა რუსეთმა დნესტრისპირეთის ოკუპაცია მოახდინა და ასე იყო უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ პრო-რუსული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშიც, როცა რუსეთი ყირიმსა და დონბასში შეიჭრა. აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის შემთხვევაში კი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი თეორიულადაც კი არ განიხილებოდა.

სინამდვილეში, საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა სწორედ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას შეუძლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 

გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.

"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.


close დახურვა