logo
ENG



სკოლებში სადიზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით კი, 6 საკარანტინო ზონა გაიხსნა

02 მარ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონები ფართოვდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 6 საკარანტინო ზონაა მოსწყობილი. კერძოდ: 3 თბილისში, 1 საჩხერეში, 1 აბასთუმანში. დღეს უკვე თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოეწყო საკარანტინო ზონა. 

რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადიზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დიზინფექცია ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლას ჩაუტარდება. 

"ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი. სასწავლო პროცესი როდესაც განახლდება იმ ინსტრუქციებს მიყვებიან, რომელიც როგორც ვთქვი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოამზადა უშუალოდ სკოლებისთვის. თუ რეკომენდაცია იქნება და ვირუსი გამწვავდება, ამ შემთხვევაში მისაღები იქნება ის რეკომენდაციები, რომლებსაც მოგვაწვდის ჯანდაცვის სამინისტრო",  - აღნიშნა დგებუაძემ. 

სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს პირველ სკოლაშიც. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, თამარ კაპანძე აცხადებს, რომ სკოლის შენობა სრულად დამუშავდება და ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი.

"ფრანგული ხსნარით მთლიანად დაამუშავებენ სკოლის შენობას. მიმდინარეობს დეზინფექციის პროცესი. შემდეგ საკლასო ოთახები გადაიწმინდება სველი დამუშავების წესით და დაიკეტება. რა თქმა უნდა ეს ერთჯერადი აქცია არ არის", - განაცხადა კაპანაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. იაშვილის სახელობსი ბავშვთა კლინიკაში მოთავსებულ ერთ-ერთ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და როგორც სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხეიძემ განაცხადა, ბავშვს A ტიპის ვირუსი აქვს. 

"მოზარდი იყო იზოლირებულ პალატაში. გადაეცა შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ცენტრს. 4 საათში გვქონდა პასუხი, რომ კორონავირუსის ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი და რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა პასუხი თუ რა ტიპის ვირუსი იყო. დაუფიქსიურდა A ტიპის ვირუსი", - ამბობს ჩხეიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული ფაქტი დაფიქსირდა. 

 

 

 

 

 

 


close დახურვა