აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში გაფორმებული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ფასილიტატორობით, გუშინ საღამოს შეხვდნენ. 10 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმება დღეს, 10 ოქტომბერს, დღის 12 საათიდან ამოქმედდა, თუმცა მალევე ორივე მხარემ ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს სომხურ დასახლებაზე თავდასხმაში დასდო ბრალი, მაშინ, როდესაც ყარაბაღში მყოფმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე წუთში აზერბაიჯანულმა ძალებმა ახალი თავდასხმა წამოიწყეს.
აზერბაიჯანულმა მხარემ კი განაცხადა, რომ სომეხ სამხედროებს სწორედ აზერბაიჯანულ დასახლებებზე მიჰქონდათ იერიში. ორივე მხარე დაჟინებით უარყოფს მათ მიმართ წამოყენებულ ბრალდებას, შეთანხმების საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პროცესის სრულად დასრულებამდე, სამხედრო კონფლიქტში მყოფმა მხარეებმა პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები 27 სექტემბრის შემდეგ პირველი დიპლომატიური კომუნიკაცია იყო ომში მყოფ მხარეებს შორის. ლავროვის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაში მრავალი დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. მისი თქმით, მოლაპარაკებები "მინსკის ჯგუფის" ფორმატში შედგება.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.