სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს არ აჰყვნენ ანტი-ქართულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო და ქართველი ხალხი შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანულ მხარეს უჭერს მხარს.
"ძვირფასო თანამემამულეებო.
ბოლო დროს სოციალურ მედიაში შემაშფოთებელი ტენდენცია შეინიშნება. კონკრეტულად, კონკრეტული ფეიკანგარიშები, რომლებიც ცნობილი და უცნობი ცენტრებიდან იმართებიან, საჯარო აღქმაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, თითქოს საქართველო და ქართველები შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერენ მხარს.
მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და თავი შეიკავეთ მსგავსი დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელებისგან. ვაცხადებ, რომ სომხეთისა და საქართველოს პატივსაცემი სახელმწიფო უწყებები ეფექტურად თანამშრომლობენ, რათა მოგვარდეს ის მწვავე პრობლემები, რომლებიც ყველა ჩვენგანს უდგას. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ მრავალი მათგანი უკვე მოგვარებულია, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად.
ჩვენს ერებს შორის ათასწლოვანი ძმური ურთიერთობა ვერასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ის ღრმა, საზიარო ღირებულებათა სისტემაზეა დამყარებული. მაშასადამე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ გამიზნულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარული სულისკვეთება ქართველი ხალხის მიმართ, ციფრულ და არაციფრულ სივრცეებში", - წერს აღაჯანიანი Facebook-ზე.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.