სოფელ შუქრუთში ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ აქციას მეხუთე დღეა მართავენ. ისინი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც ტერიტორიაზე „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაწყებული სამუშაოების შემდეგ შეიქმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ცხოვრება სახიფათოა, რადგან ღია წესით მადნის მოპოვება მეწყერსაშიშ ზონაში კიდევ უფრო დიდ პრობლემებს ქმნის.
ადგილობრივები კომპანიას 11 მაღაროში მარგანეცის მოპოვებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ისინი ყვებიან, რომ მადნის მოპოვების გამო, ზიანდება სასაფლაოები, სოფლის ეკლესია და სახლებიც ინგრევა. სოფელში მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობაც, რის გამოც ადგილობრივების განცხადებით, გაზრდილია ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი.
ბრალდებები მიუღებელია „ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებისთვის. საწარმოში აცხადებენ, რომ ხალხს სახლები გასულ საუკუნეში დაუზიანდა.
სოფელ შუქრუთში აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, ხალხი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.