სოფელ კირბალიდან გატაცებული მოზარდი, შესაძლოა, დღესვე გათავისუფლდეს. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. მარიონეტულ რეჟიმს რაიმე სახის პირობა არ წამოუყენებია.
სამართალდამცველები არასრულწლოვნის მშობლების გამოკითხვას აწარმოებენ. სოფელში კი გადაადგილება შეზღუდულია.
როგორც ადგილობრივები „ფორმულასთან“ ამბობენ, მოზარდი ქართვული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ცხინვალში.
„მეზობლის ბავშვია, წუხელ გვიან გაიტაცეს. მრავალშვილიანი ოჯახია და ეტყობა შეშა უნდა ჩამოეტანა. როგორც ამბობენ, იქეთ მხარეს გადაიყვანეს და ისე გადაუღეს ფოტოები, ვითომ საზღვარი დაარღვიაო", - ამბობს გატაცებულის მეზობელი.
ადგილობრივები არ მალავენ, რომ ბოლო დროს ვითარება დაძაბულია და სროლის ხმაც ისმის. მათი თქმით, სოფლის ეკლესიაშიც კი არაა ასვლა უსაფრთხო და მხოლოდ ბევრი ადამიანი ადის ერთად.
„ეკლესიაში ვერ ავდივართ, გვეშინია. სასაფლაოზე ავდივართ, როცა ბევრი ხალხია. ამ ბოლო დროს ხშირად ისმის სროლის ხმა. აღდგომის პერიოდში პოლიცია იცავს და ისე ავდივართ. ხშირად იტაცებენ ხალხს, ჩემი მაზლიც იყო გატაცებული სამჯერ თუ ორჯერ", - ყვებიან ადგილობრივები.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ალეკო შიუკაშვილი სოფელ კირბალიდან გუშინ ღამით გაიტაცეს.