logo
ENG



სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

14 იან 202211:36
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. უახლოეს დღეებში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი გაიფიცებიან.

სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ამჟამინდელი ანაზღაურება არსებობისთვის საკმარისი არაა, სამუშაო პირობები კი მძიმეა.

„სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან, ორშაბათიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს“ – აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება 360 ლარს შეადგენს, რის გარომაგებასაც ითხოვენ. 

"15 წლის განმავლობაში ადამიანებს სოციალური დაცვის სამინისტრო 360 ლარზე ამუშავებს, ვითხოვთ [ხელფასის] გაორმაგებას. 100% შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ რაღაც სასწაულ თანხაზე გავდივართ, მაგრამ 1 000 ლარზეც კი ვერ ავდივართ" - აცხადებს სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომელი.

სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს, რომელთა მიზანი მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერაა.

ოფიციალური საიტის მიხედვით, სააგენტოში დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი და მათი ტერიტორიული სამსახურები 68 მისამართზეა განთავსებული.


close დახურვა