logo
ENG



სოციალური სამართლიანობის ცენტრი რატიანზე: პენიტენციურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

24 აპრ 202620:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/id3dbeytpdnhptf.png

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ზვიად რატიანზე განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რატიანმა სასჯელი მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხადოს არის არსებითად დაუსაბუთებელი და არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დაგენილ მოთხოვნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ.

"დღეს, 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის პირობებში განუსაზღვრა. ზვიად რატიანი აქამდე სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდიდა. საშიშროების რისკის ცვლილების გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2026 წლის 6 აპრილის საიდუმლო სხდომის ოქმი.

როგორც მსჯავრდებულისთვის, ისე მისი ინტერესების დამცველებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან არ არსებობდა წინაპირობა, რომელიც რისკის გაზრდას და შესაბამისი რეჟიმის ცვლილებას დაასაბუთებდა. ამასვე ადასტურებს პენიტენციური სამსახურის ერთწინადადებიანი დასკვნა, სადაც გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ საიდუმლო სხდომის ოქმია მითითებული და არ არის ასახული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამ ცვლილებას დაედებოდა საფუძვლად.

შესაბამისად, რისკის ცვლილება პირდაპირპროპორციულად ზღუდავს მსჯავრდებულის უფლებებს, რაც აუცილებელს ხდის, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა ვარაუდებს, არამედ შესაბამის ფაქტობრივ გარემოებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს.

აღნიშნული შემთხვევა ვერ განიხილება მხოლოდ როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციული გადაწყვეტილება და ჩნდება ეჭვები მის პოლიტიკურ განზომილებასთან დაკავშირებით. ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი არგუმენტებით პოლიტიკური პატიმრის მდგომარეობის გამკაცრება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა უსაფრთხოების რეალურ საჭიროებასთან, არამედ დისციპლინირების და დასჯის პოლიტიკურად მოტივირებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებასთან.

პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გასაჩივრდება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 


close დახურვა