logo
ENG



სროლა და სისხლიანი გარჩევა - გაუსწორდნენ თუ არა მორაგბეს კრიტიკული პოზიციის გამო

16 სექ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

სისხლიანი დაპირისპირება და ანგარიშსწორება კრიტიკული აზრის გამო - რაგბის კავშირში საინიციატივო ჯგუფის წევრი, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვიცეპრეზიდენტმა დაჭრა. რამაზ ხარაზიშვილი კლინიკაშია გადაყვანილი. რაგბის კავშირის ტერიტორიაზე კი ამ დრომდე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

უცნობია, სისხლიანი გარჩევის ზუსტი მიზეზი, თუმცა დაჭრას წინ უძღოდა საინიციატივო ჯგუფის წევრის ღია კრიტიკა რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესების, ფინანსური დარღვევებისა და ცუდი მმართველობის შესახებ. დაჭრილი რაგბისტის თანამოაზრე ფორმულასთან ამბობს, რომ ეს ყველაფერი რაგბიდან კლანის მოშორების მტკივნეულ პროცესს უკავშირდება.

სავარაუდო მოტივებზე საუბრობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც ორგანიზაციაში კლანურ მმართველობაზე საუბრობენ და რაგბის კავშირს 6 მილიონი ლარის მითვისებაზე და არამიზნობრივ ფლანგვაში ადანაშაულებენ.

კლანურ მმართველობაზე და უსამართლობაზე მორაგბეებმა საუბარი ფინანსური დარღვევების აღმოჩენის და ორჯერ ხმაურით ჩაშლილი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დაიწყეს. მწვრთნელებმა და 31 კლუბის წარმომადგენლებმა ხმამაღლა საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც სპორტის ეს სახეობა უმძიმეს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. 2011 წლიდან ბიუჯეტიდან და სპონსორების მხრიდან რაგბის კავშირს დაფინანსება გაეზარდა, რაც პირდაპირ კლუბებზე უნდა ასახულიყო, თუმცა ეს არ მომხდარა.

გახდა თუ არა ეს ბრალდებები დღევანდელი დაპირისპირების მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაგბის კავშირის წევრები და ინცინდენტის თვითმხილველები გამოკითხვაზე იმყოფებიან. თუმცა ისინი ვინც ე.წ. კლანთან და მმართველ გუნდთან არიან დაახლოებული, დღეს პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ხელმძღვანელობასა და მორაგბეებს შორის კონფლიქტს უარყოფენ.


close დახურვა