logo
ENG



სროლა ყინწვისის მონასტერში - სასულიერო პირები დაპირისპირებას უარყოფენ

22 აპრ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა. ჟღენტი მომხდარს  უარყოფს, წინამძღვრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ სასულიერო პირებს. 

ეპარქიის მიტროპოლიტ იობს კი მედია ვერ უკავშირდება. არადა ერთ-ერთი ვერსიით, სროლას და დაპირისპირებას სასულიერო პირებს შორის მეუფე იობი პირადად შეესწრო. მისი მდივანი კი ინფორმაციას,  ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებს.  „ფორმულას“ ინფორმაციით, დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის რამდენიმე წლის წინ დაიწყო - როცა ახალი მონასტრის წინამძღვრად  არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) დაინიშნა.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი მონასტრის ტერიტორიაზე დღეს არ გამოჩენილა. ბერები კი ორ წინამძღვარს შორის არსებულ ურთიერთობაზე ბევრს არ საუბრობენ.

მომხდარზე არ საუბრობენ საპატრიარქოში. ვიდრე მღვდელმსახურები ინციდენტს უარყოფენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გამოძიება დაწყებულია. ძიება იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლით მიმდინარეობს და არა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. მსუბუქი მუხლით გამოძიების დაწყებამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი უკვე გამოიწვია. 


close დახურვა