NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, 25 თებერვალს NATO-ს საგანგებო სამიტი დისტანციურად გაიმართება.
შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხზე იმსჯელებენ.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი 30-ვე ქვეყნის ლიდერს დასწრებისკენ მოუწოდა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ქმედება "მიზანმიმართული, ცივსისხლიანი შეჭრაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
იენს სტოლტენბერგისვე განცხადებით, იგეგმება შეკავების და თავდაცვის ახალი ნაბიჯების გადადგმა.
თუმცა, როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, ალიანსი არ გეგმავს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, ვინაიდან ეს ორგანიზაცია "მხოლოდ თავს იცავს".
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.