logo
ENG



სუს-ის ანგარიში - BBC-ს სიუჟეტი საქართველოს ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდა

21 აპრ 202611:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/21/egnqrqzk2vhiel1.png

"ქართული ოცნების" სუს-ის 2025 წლის ანგარიში პარლამენტს წარედგინა. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზეც არის საუბარი, სადაც სახალხო პროტესტი ნახსენებია, როგორც "სისხლიანი შეთქმულება". აღნიშნულია, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. დოკუმენტში მთავარ "დივერსანტებად" უკრაინაში მებრძოლი ქართველები არიან გამოყვანილი.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი მეთაურის მითითებებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გადამალული იყო სპეციალურ სამალავში თბილისის მახლობლად, ტყის მასივში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად იმ პირთა განეიტრალება მოხერხდა, რომელთაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ასევე, იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მასალის მოქმედებაში მოყვანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იყო აცილებული 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. დაკავებული იქნენ და ბრალი წარედგინათ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს", - ნათქვამია ანგარიშში.

წლიურ ანგარიშში  BBC-ს მიერ მომზადებულ ფილმზეც არის საუბარი, რომ 2025 წლის დასაწყისში გავრცელდა BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებული იყო საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების წინააღმდეგ აკრძალული ტოქსიკური ნივთიერების, Bromibenzyl cyanide-ის გამოყენებაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაზიანებას ბიბისის მხრიდან და ამავე ბრალდებას სუსი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებსაც უყენებს, რომ თითქოს ბიბისის დამაზიანებელ კამპანიაში ქართველებიც იყვნენ ჩართული. 

"შედეგად, სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე როგორც BBC-ს მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციაზე, ასევე მის საფუძველზე საქართველოში წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებული იყო სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შსს-სა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.

ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი ჰქონდა და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. აღნიშნული ნივთიერება შსს-ს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიისგან 2007 წლის 18 დეკემბერს, 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება „ტრიქლორეთილენთან“ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებული იქნა 17.5-კილოგრამიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრული იყო ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, რომელზეც, სხვა უამრავ მონაცემთან ერთად, აღნიშნული იყო როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439“.

საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“. ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ „კამიტის“ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხული მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“, ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა.

სუს-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა ხუთ პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები იყო:

1. ქიმიურ ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“; 2. ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით); 3. ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი. გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, რომელიც ფიგურირებს 4 ოქტომბრის საქმეში და უკავშირდება ასაფეთქებელი ნივთიერების, ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს“.

იგი ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული და, BBC-ს ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებდა კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას მხოლოდ იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს", - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

 


close დახურვა