logo
ENG



სუს-მა ადმინისტრაციის საიტზე გაზპრომთან გარიგების დეტალების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო

15 იან 202612:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/15/hunuvj5a1mukxa3.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ვებ - გვერდზე გაზპრომთან გარიგების დეტალების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ში ამბობენ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

ქართული ოცნება თითქმის 10 წელია გაზპრომთან გარიგების დეტალებს მალავს.

25 დეკემბერს მთავრობის ვებ გვერდზე ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა, განკარგულებას თან ერთვოდა დანართი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ბუნებრივ აირს ყიდულობს საქართველო სანქცირებული გაზპრომიდან, ჩანდა ფასებიც. ეს ინფორმაცია საიტიდან მხოლოდ მას შემდეგ წაიშალა, რაც 13 იანვარს ფორმულას ეთერში გადაცემის "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად" ანონსი გავიდა, სადაც ამ დოკუმენტების გასაჯაროვებაზე იყო საუბარი.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა