logo
ENG



სუს: ნარატივი საოკუპაციო ხაზზე გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია

11 თებ 202113:18
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბოლო დღეებში არაერთგვაროვანი და მცდარი ინფორმაცია ვრცელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხზე.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი აცხადებს, რომ უკანონო დაკავებული არ გახშირებულა, არამედ, ასეთი ფაქტები ყოველწლიურად ისედაც მაღალი იყო.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა წინა ხელისუფლების მმართველობის წლები მოიყვანა მაგალითად, იმის წარმოსაჩენად, რომ 2008 წლიდან საოკუპაციო ძალა ათეულობით მოქალაქეს აკავებდა ყოველწლიურად. 

"2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს, ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული. 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86 და 64-ი შეადგინა.

ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან", - აცხადებს სუს-ის წარმომადგენელი.

მისივე მტკიცებით, უკანონო დაკავებების გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია.

მანვე აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ასევე მოსაზრება თითქოს,  სუსი უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას მალავს.

სუს-ში აცხადებენ, რომ დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრული პასუხისმგებლობაა.


close დახურვა